დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის მეოთხე ტალღის გავრცელების საფრთხე ზაფხულის ბოლოს იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ არ ავიცრებით, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, შეიძლება, მეოთხე ტალღა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იყოს", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული წინადადებები დღესაც განიხილა.
"პრემიერთან ალბათ კიდევ იქნება შეხვედრა მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში, რომ გარკვეული შეღავათები, საუბარია ვთქვათ კომენდანტის საათთან, იგივე სამასპინძლო დაწესებულებებთან მიმართებაში, ან პირბადესთან, მაგრამ ვიდრე ქვეყანაში კრიტიკული მასა არ აიცრება, ჩვენ პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1023 ადამიანს დაუდასტურდა, 510 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 350 428 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 335 029 , გარდაიცვალა 4 951 პაციენტი.