ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალება მესამე ადგილზეა

"სხვა დაავადებებს შორის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალება მესამე ადგილზეა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფონგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი, სხვადასხვა შტამის ცირკულაციაც იყოს, ისევე როგორც დაგვიანებული მკურნალობა.

"დღეს საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი 1,4%-ია და ის შედარებით ჩამორჩება სიკვდილიანობის გლობალურ მაჩვენებელს, რომელიც 2,1%-ს შეადგენს. საქართველო გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მსოფლიოში მეცამეტე ადგილს იკავებს.

წელს,არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში, გლობალურად, უკანასკნელი 5-6 თვის განმავლობაში, იმდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, რამდენიც შარშან, მთელი წლის განმავლობაში. ასე ვთქვათ, სიკვდილიანობის ტემპი, პროცენტული მაჩვენებელი თიტქმის ერთ დონეზეა, გაზრდილია ყველგან, მათ შორის, ჩვენთან.

დღეს, კოვიდით სიკვდილიანობა მსოფლიოში გახლავთ მეორე ადგილზე გულსისხძარღვთა დაავადებების შემდეგ. ჩვენთან არის მესამე ადგილზე, გულსისხძარღვთა და კიბოს შემდეგ.

წესლ, სხვადასხვა შტამის ცირკულაციის გამო, დასაშვებია, რომ შესაძლოა, უფრო ადვილად მძიმდებოდნენ პაციენტები. ისევე, როგორც მეორე მიზეზი სიკვდილიანობისა, შესაძლოა, სამწუხაროდ, იყოს დაგვიანებული მიმართვიანობა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1023 ადამიანს დაუდასტურდა, 510 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 350 428 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 335 029 , გარდაიცვალა 4 951 პაციენტი.