რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალ რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 8 და 9 ივნისს, 16:00-დან 20:00 საათამდე მარიონეტების თეატრში.

10 ივნისს, 15:00 საათზე, რეზო გაბრიაძეს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. როგორც მხატვარს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი იყო.

რეზო გაბრიაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც იყო. მან 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც დღემდე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და გამოირჩევა საინტერესო და ინდივიდუალური არქიტექტურით. თეატრმა თავისი სპექტაკლებით -„ალფრედი და ვიოლეტა", „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები", „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა" და სხვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.