„მმართველი პარტიის ინტელექტუალური და მორალური რესურსი სრულად ამოწურულია, რამაც აიძულა ბიძინა ივანიშვილი, მძაფრი განცხადება გაკეთებინა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წერილზე საუბრისას და დაამატა, რომ ივანიშვილის ეს ტონალობა მისთვის მოულოდნელი იყო
მისი თქმით, ამ წერილში სიმართლეა, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანივილის პროექტი არ არის და ტყუილია ამავე წერილის ნაწილი, რომ ასეთ ხმებს მისი გუნდის წევრები ავრცელებენ.
„ამ განცხადებაში სხვა დანარჩენი წყალი და ბელეტრისტიკაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ვისი ოპოზიციაა გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ გუშინდელი დღე გამხდარიყო: „მე ამის ოპოზიცია ვარ“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენ არ ვართ და ვერ ვიქნებით „ქართული ოცნება2“, - დაამატა გიორგი გახარიამ და კობახიძის განცხადებებს შეთქმულებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და გიორგი გახარიას ჩართულობით, ბოდვა უწოდა.
„რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე, თვალთხარიასაც მეძახდნენ, მოვითმენ. მე ეს ტვირთი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო. ამის გამო ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
„სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. პარტიის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობ. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა ყველაზე. რა თქმა უნდა, იქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი, ხელმძღვანელობაშიც. რა თქმა უნდა, უამრავი ღირსეული წარმომადგენელი „ქართული ოცნების“, ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს, ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია“, - განცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის საქმეში, როდესაც პრემიერის პოსტს იკავებდა, არასდროს ჩარეულა.
ამ თემებზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვპირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პარტიის დაფუძნების შემდეგ ტელეჟურნალისტებს პირველად შეხვდა