„გამოვედი პრემიერის როლიდან და მინდა, გითხრათ, რომ უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს - თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული და უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლუსი ამ ყველაფერში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები, რასაც გაძლევს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაქვს სურვილი, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენო მაქსიმალურად ეფექტურად, რაც ხან გამოგვდიოდა, ხან - არა", - ასე უპასუხა შეკითხვას ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პარტიის დაფუძნების შემდეგ ტელეჟურნალისტებთან პირველ შეხვედრაზე.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას არც აქებს, არც აძაგებს და ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა აქვე დაამატა, რომ თუ ქვეყნის მომავალზე იქნება საუბარი, რაიმე შეზღუდვა ან კომპლექსი არ ექნება, რომ პოზიცია ღიად დააფიქსიროს.
„მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის და თუ გგონიათ, რომ ვინმე მაიძულებს წარსულზე ჭორაობას, ამას არ გავაკეთებ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მანვე დაამატა, რომ დამოუკიდებლობის ხარისხის საზომად ამ თემას არ განიხილავს.
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეების განცხადებებს შეეხო.
„უაღრესად სასაცილო სიტუაცია შეიქმნა - ერთი მხრიდან ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა ვნახავ გახარია რას იტყვის ივანიშვილზე და მერე ან მივცემ საშვს პოლიტიკურ ველზე, ან არა, მერე გამოდის „ოცნების“ თავმჯდომარე და ამბობს, გახარიამ ახსნას მიხეილ სააკაშვილის თამაშზე... (ირაკლი კობახიძის თქმით, 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა).
ქართული ამომრჩევლის გულთან გასაღები არავის უჭირავს. პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც - მეორის. ეს ორი ლექსიკა ძალიან ემსგავსება ერთმანეთს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ვერსიის გავრცელება, რომ გახარია მელიას დაკავების გამო გადადგა, სიცრუეა.
20 ივნისზე შეკითხვის საპასუხოდ, თუ ვინ გასცა ბრძანება, შს ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უკანონო ბრძანება ამ დღეს არ გაცემულა.
„ხვალ რომ მოვიდე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, მით უფრო, თუ ის იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა. ყველაფერი, რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს, ჩემი პასუხისმგებლობაა. საგამოძიებო მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ, იქ ყველაფერზე პასუხი. საჭირო იყო თუ არა ბრძანება, იყო თუ არა ეს დათვის ტყვია. სამართალდამცავებს ჰქონდათ ბრძანება, სახელმწიფო ინსტიტუტი დაეცვათ შტურმისგან და შეჭრისგან“.
გიორგი გახარიას თქმით, არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია და ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ეს ოპოზიციასაც ეხება. ამის მაგალითად მან უკრაინაში ნიკა მელიას ვიზიტი მოიყვანა.
„ვიდრე ამ არანორმალურობას არ დავასრულებთ, კერპების მიმართ მიდრეკიება ყოველთვის გვექნება. ეს მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა არ არის. ყველა ხელისუფლებას უჭირდა ინსტიტუტების გაძლიერებაზე მუშაობა ერთი მიზეზის გამო, ინსტიტუტების გაძლიერება ნიშნავს პერსონალური გავლენების და ძალაუფლების შესუსტებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ოფიციალურად დააფუძნა.