ევროკავშირის ციფრული კოვიდსერთიფიკატი სავარაუდოდ ივლისიდან გაიცემა

Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატი ივლისიდან გაიცემა. ევროპის ქვეყნები გეგმავენ აამუშაონ ე.წ. კოვიდპასპორტის მექანიზმი, რომელშიც აღინიშნება მოგზაურის ვაქცინაციის სტატუსი. ევროპაში მოგზაურობას ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით გახდება შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტი აპირებს, დაუშვას ერთიანი ციფრული კოვიდპასპორტის გამოყენება, რომელიც გზას გაუხსნის მთელ კონტინენტზე თავისუფალი გადაადგილების აღორძინებას და კოვიდსერთიფიკატის მფლობელი, მოგზაურობას ზედმეტი ფორმალობების გარეშე შეძლებს.

ევროპარლამენტარი ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარი ამბობს, რომ პასპორტი ძალაში პირველი ივლისიდან შევა. მისი თქმით, პრინციპული მოთხოვნაა, რომ დოკუმენტი უფასოდ, ავტომატურად გაიცემოდეს.

ჰოლანდიელი ევროპარლამენტარის ინტ ვალდის თქმით, სად შეძლებენ ადამიანები ამ პასპორტის მიღებას, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ.

მისი თქმით, პასპორტის საჭიროება არ აქვთ ბავშვებს, სერთიფიკატის მისაღებდ კი სამი საშუალება არსებობს: 1. ვაქცინაცია; 2. უარყოფითი კოვიდტესტი; 3 საბუთის წარდგენა, რომ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი და იმუნიტეტი გაგაჩნიათ.

როგორც ევროპარლამენტარები ამბობენ, კოვიდპასპორტებისთვის მიღებულ პირად მონაცემებს, მკაცრად გაუფრთხილდებიან და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალული იქნება.

ცნობისთვის, SInopharm-ით და Sinovac-ით აცრილებს სლოვენიამ და ესპანეთმა საზღვრები გაუხსნეს.