ენტონი ფაუჩი: აშშ-ში უფრო მეტი ადამიანი უნდა აიცრას, ვიდრე ე.წ. ინდური შტამი დომინანტი გახდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ შტატებმა უფრო მეტი ადამიანი მანამდე უნდა აცრას, ვიდრე ქვეყანაში ე.წ. ინდური ვარიანტი დომინანტი გახდება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დელტა შტამი ანუ კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტი უკვე გახდა დომინანტური შტამი ბრიტანეთში, რაც შეადგენს ახალ შემთხვევათა დაახლოებით 60% -ს.

ფაუჩის თქმით, ე.წ. ინდური ვარიანტი უფრო გადამდებია და ჰოსპიტალიზაციის რისკებს ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ში ახალი შემთხვევების 6%-ზე მეტი ე.წ. ინდურ ვარიანტზე მოდის.

„დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდური ვარიანტი დომინანტი ვარიანტი ხდება. ის ე.წ. ბრიტანულ ვარიანტს ანაცვლებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს შეერთებულ შტატებში მოხდეს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.