"ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს, რომ ასე მარტივად კოვიდი არ დამთავრდება.
"საერთაშორისო სამეცნიერო ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებაში მსოფლიოში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ, საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი, ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში.
არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს - ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ. უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას.
საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს იმას, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება კოვიდი და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაგვჭირდება ყოველწლიურად, სანამ რა თქმა უნდა, ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის იმდენად შემცირება, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში