ნათია თურნავა: იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ასრულებდნენ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ბოლო წლებში მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, განსაკუთრებით ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად, 2018-19 წლებში მიჩნეული იყო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად, რამაც, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დააყენა მისი სწრაფად განახლების განხორციელება და პანდემიის მიუხედავად, ერთი დღითაც არ შეფერხებულა ეს პროექტი", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია.

"პანდემიამდე ქუთაისის აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია დაფრინავდა 33 მიმართულებით, ხოლო წელს, მაისის მდგომარეობით, უკვე სამი ავიაკომპანია დაფრინავს 25 მიმართულებით და ეს პროცესი გრძელდება ბაზრის გახსნისა და პანდემიის დაძლევის კვალობაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დასრულდა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა, გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები.