გაეროს უშიშროების საბჭომ ანტონიო გუტერეშის გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა გენერალურ მდივნად ანტონიო გუტერეშის მეორე ვადით არჩევას და რეკომენდაცია წარუდგინა 193-წევრიან გენერალურ ასამბლეას, რომ კიდევ ხუთი წლის ვადით, 2022 წლის 1 იანვრიდან განაახლოს მისი მანდატი. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის, სვენ იურგენსოსნის განცხადებით, გენერალური ასამბლეა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 18 ივნისს შეიკრიბება.

ანტონიო გუტერეშის თქმით, მოხარულია, რომ უშიშროების საბჭოს წევრებმა მას ნდობა გამოუცხადეს.

"მე ძალიან მადლიერი ვარ საბჭოს წევრებისადმი ნდობისთვის, რომელიც მათ ჩემდამი გამოხატეს", - განაცხადა გუტერეშმა.

ცნობისთვის, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე პან გი მუნი 2017 წელს შეცვალა. 1995-2002 წლებში ის პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005-2015 წლებში გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელად იყო დანიშნული.