ალბანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

Euronews-ის ცნობით, ალბანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის ილირ მეტას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გადაწყვეტილაბ საგანგებო კენჭისყრით მიიღეს.

კენჭისყრა მას შემდეგ ჩატარდა, რაც საგამოძიებო კომიტეტმა გასულ კვირას დაასკვნა, რომ მეტამ ალბანეთის 25 აპრილის საყოველთაო არჩევნების წინ, დაარღვია კონსტიტუციის მე-16 მუხლი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ ერთი წლით ადრე, ვიდრე მისი პრეზიდენტობის ვადა დასრულდება.

მეტა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგან მან ვერ შეასრულა ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების ვალდებულება, რადგან ქვეყანაში ჩატარებულ ბოლო არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, ილირ მეტას პრეზიდენტის პოსტზე ვადა 2022 წელს ეწურება.

არჩევნების შედეგად მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ 140-ადგილიან პარლამენტში 74 ადგილი მოიპოვა და საგამოძიებო კომიტეტს დაავალა დაედგინა, დაარღვია თუ არა მეტამ კონსტიტუცია. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭირო იყო ხმების ორი-მესამედი.

მეტასთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც მას სამთვიანი ვადა აქვს.