რუსეთის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციები არაკანონიერად გამოაცხადა და მათ "ექსტრემისტული" უწოდა.
"კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" გარდა, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციებად "მოქალაქეების უფლებების დაცვის ფონდი" და საზოგადოებრივი მოძრაობა "ნავალნის შტაბი" ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნავალნის ორგანიზაციებს რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა ეკრძალება. მათ ეკრძალებათ ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების განხორციელება, არჩევნებში მონაწილეობა და აქციების ორგანიზება, ხოლო ორგანიზაციების თანამშრომლებს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, თუ აღნიშნულ ქმედებებს განახორციელებენ.
სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას ამ ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის თვალსაზრისით.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.