დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.
მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავენ.
სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ბეთანიის ელეონის მთაზე და უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, ვიდრე მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.