მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი, სომხეთის პარლამენტში შეჭრილ მომიტინგეთა შორის გამოჩნდა

მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი, სომხეთის პარლამენტში შეჭრილ მომიტინგეთა შორის გამოჩნდა.

გასულ თვეს აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ ჩახალიანი მთიან ყარაბაღში მოკლეს. მაშინ სომხეთს ჩახალიანის გარდაცვალების ფაქტი არ დაუდასტურებია.

სომხეთის პარლამენტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შეთანხმება შედგა. მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჩახალიანი საქართველოს მოქალაქეა. ის მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი იყო, 2009 წელს დააპატიმრეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.