რუსეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით,ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"10 ივნისს რუსეთის ფედერაციაში ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლივერ ჩაუშევსკაია-დიმოვსკაია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მას გადასცეს ნოტა ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ მიმდინარე წლის მაისში მიღებული „უსაფუძვლო გადაწყვეტილების“ პასუხად გადაიდგა, როდესაც სკოპიეში მდებარე რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, 14 მაისს ქვეყანაში რუსეთის ელჩი სერგეი ბაზდნიკინი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას გადასცეს ნოტა, რომელშიც მითითებული იყო რომ დიპლომატს ბალკანეთის რესპუბლიკის ტერიტორია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიჩნია არაკეთილსინდისიერ ქმედებად და მიუთითა, რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.