ხათუნა ზახაშვილი: მხოლოდ აცრის შემთხვევაში არ გვეყოლება ამდენი გარდაცვლილი, რაც შემზარავია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ აცრის შემთხვევაში შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ არ გვექნება კოვიდინფიცირების მძიმე შემთხვევები და არ იქნება გარდაცვალების ის მაღალი მაჩვენებელი, რომელსაც მედია ყოველდღიურად აანონსებს. ამის შესახებ მან ,,რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის ტემპი დამაკმაყოფილებელი არ არის. ამიტომ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ივლისიდან გააქტიურდნენ.

,,ჯერჯერობით საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ივლისიდან, ყველამ ერთად უნდა გავააქტიუროთ ეს პროცესი და ძალიან სწრაფად შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტმა (ვისთვისაც შესაძლებელია ვაქციანაცია) ვიყოთ ვაქცინირებული.

ყველამ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ აცრის შემთხვევაში შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ არ გვექნება მძიმე შემთხვევები კოვიდის და არ გვექნება სიკვდილის ის შემაშფოთებელი რიცხვები, რომლებსაც ყოველდღე აანონსებთ და საკმაოდ შემზარავია", - განაცხადა ზახაშვილმა.

ცნობისთვის, 10 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 705 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14.

დღევანდელი მონაცემებითვე, საქართველოში ვაქცინაცია ბოლო 24 საათში 6 184 ჩაიტარა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 191 001-მა მოქალაქემ გაიარა.