კორონავირუსი მართლაც არსებობს - მეუფემ აზრი შეიცვალა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლტმა იობმა აზრი შეიცვალა და ქადაგებს, რომ კორონავირუსი "მართლაც არსებობს". ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მან თქვა, რომ ვირუსით სასულიერო პირები არიან დაავადებულნი. მიტროპოლიტმა მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"ეს რეალობა არის. ვირუსი მართლაც არსებობს, მართლაც მღვდელმთავრები, მონაზვნები, სასულიერო პირები არიან დაავადებულნი. უბრალოდ, ზოგიერთი არ ამჟღავნებს ამას და არ ამბობს, რომ ამით არის დაავადებული. ამიტომ, ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ექიმები, უნდა შევასრულოთ: პირბადე, დისტანცია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მოყვასის უსაფრთხოებისთვის… ამაში სიმდაბლე ჩანს ადამიანის, თუ მორჩილება გაქვს, უბრალოება გაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთის ნებაზეა და ღვთის დაშვებით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენც სიფრთხილე უნდა გვქონდეს", - ამბობს მიტროპოლიტი.

აპრილში, Covid-19-ის პირველი ტალღის დროს, მიტროპოლიტი იობი მრევლს ეუბნებოდა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია.

მაშინ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, ამასთან, აკრძალული იყო მასობრივი თავყრილობები. ამის მიუხედავად, მაღალი სასულიერო იერარქი მოსახლეობას მოუწოდებდა, მაინც წასულიყვნენ სააღდგომო ლიტურგიაზე. ქადაგებისას მან საგანგებო მდგომარეობას "მასონური გადაწყვეტილება" უწოდა.

"ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია კაცობრიობის კონტროლი, საგანგებო მდგომარეობა", - აცხადებდა მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2911 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 45 ადამიანი.