კახა კუჭავა ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, აღინიშნა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და ამ მხრივ სხვადასხვა ფორმატების, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების შესახებ გაამახვილეს ყურადღება.

კახა კუჭავამ ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო. ხაზი გაუსვა პარლამენტში ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობას და ამ პროცესში მისი, როგორც თავმჯდომარის დაბალანსებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მააიკე ვან კოლდამმა ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.