ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა არასოდეს შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.
როგორც საოკუპაციო ხაზთთან ჩასულმა პრეზიდენტმა განაცხადა, ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სხვადასხვა საერთშორისო კონფერენციასა და ღონისძიებაზე, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება.
,,აქ იმის სათქმელად ვარ, რომ ლიეტუვა არასოდეს შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის იყო იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი ვითარებაა, როგორი ჰუმანიტარული მდგომარეობაა აქ და სამწუხაროდ, მე ვხედავ დანგრეულ ყოფას, დარღვეულ ყოფას, რომელსაც განაპირობებს ზოგი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მოახდინოს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია, ამ შემთხვევაში საქართველოსი.
ვნახე რომ ხალხი ბევრ შესაძლებლობას არის მოკლებული, მათ არ შეუძლიათ, მიიღონ პენსია, არ აქვთ წყალმომარაგება , სკოლისადმი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და გართულებულია.
ადგილობრივებს მე ვკითხე რაზე ოცნებობენ და იცით რა მიპასუხეს? ისინი სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ. ისინი თავის სახლზე ოცნებობენ ამიტომაც არის საჭირო ამ ხალხის უფლებებისთვის ბრძოლა, რომ მათი ოცნება ახდეს, რომ დაუბრუნდნენ სახლებს.
ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ სხვადასხვა საერთშორისო კონფერენციასა და ღონისძიებაზე, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება.
ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს, ნაუსედა აცხადებს: „ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთისთვის დამატებით შესაძლო სანქციებზე არა მხოლოდ ბელარუსთან დაკავშირებით, თვითმფრინავის ინციდენტის გამო. უნდა წარმოიდგინოთ, ევროკავშირი არის 27 წევრისგან შემდგარი ორგანიზაცია და ყველა მათგანს განსხვავებული მიდგომა აქვს იმის შესახებ, რა ხდება ამ რეგიონში, ბელარუსსა და რუსეთში. ზოგჯერ რთულია საერთო საზომის პოვნა ჩვენ შორის, მაგრამ ვცდილობთ, ამ საერთო საზომის პოვნას, ხშირად ეს გამოგვდის, ზოგჯერ ძალიან დაგვიანებულია და დიდი დრო სჭირდება, რაც პრობლემაა, მაგრამ ეს არის დემოკრატია, დემოკრატია არ არის მარტივი“.
ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან