სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს სამთავროს პრინცი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაკოს სამთავროს პრინცთან შეხვედრისას განიხილა პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საუბარი შეეხო ასევე, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების თემებს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განიხილეს მონაკოდან სომალიების საქართველოში ჩამოყვანის საკითხი, რომლის ინიციატივითაც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი, მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს ჯოელ ბუზუსაც შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის განსაკუთრებულ ვალდებულებაზე ყოველწლიურად აღნიშნოს 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

აღინიშნა, რომ სპორტი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოში სოციალური ინტეგრაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის.