დავით ზალკალიანი: მაქსიმუმ შედეგს დავდებთ, ამას საზოგადოება იხილავს, როცა NATO-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები გამოქვეყნდება

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, NATO-ს მომავალი სამიტიდან დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება,ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ,რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები,რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან. ამის შესახებ მან ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც ასახულია განსახილველი საკითხები და მათ შორის საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში Support rules-based international order. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

„საქართველოს თემატიკა NATO-ს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება, სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში,რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი. ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. დარწმუნებული ვარ,რომ დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება,ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ,რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულენები,რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან.”-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სამიტზე საქართველოს მოწვევის საკითხზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი უსაფუძვლო შენიშვნა გაჟღერდა,რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საქართველოს საკითხი სრულფასოვნად განიხილება NATO-ს მოახლოებულ სამიტზე, რაც მინისტრის შეფასებით, სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური საქმიანობის შედეგი და დიდი წარმატებაა.

ამასთან, ზალკალიანის ინფორმაციით, დეკლარაციაში ასახული ასევე იქნება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით NATO-ს თითოეულ წევრ ქვეყანასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები, NATO-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მაქსიმალურად იყო გამოყენებული , რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არცერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული, რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა, ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს, როცა გამოქვეყნდება NATO-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტის დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნდა.