,,დიდი შვიდეული" ღარიბ ქვეყნებს 1 მილიარდ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინების მილიარდი დოზის გაზიარებას გამოაცხადებენ.

„მოსალოდნელია, რომ სამიტზე ლიდერები გამოაცხადებენ, რომ მსოფლიოს ვაქცინის მილიარდ დოზას გაუზიარებენ განაწილებისა და დაფინანსების მეშვეობით. გარდა ამისა, ისინი ასევე შეიმუშავებენ გეგმას ვაქცინების წარმოების გაზრდის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის 500 მილიონ დოზას აშშ, ხოლო 100 მილიონ დოზას კი დიდი ბრიტანეთი გაიღებს.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში დღეს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება. მასთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სხვა ლიდერები და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პანდემია იქნება. ლიდერები პირობას დადებენ, რომ ღარიბ ქვეყნებს ერთ მილიარდ ვაქცინას გადასცემენ. ამასთან ერთად, დიდი შვიდეულის სამიტზე განიხილავენ რუსეთისა და ჩინეთის საკითხსაც.

სამიტის დაწყებამდე ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

დიდი შვიდეულის სამიტი კორნუოლში იმართება და ორი დღეს გაგრძელდება.