ანგელა მერკელი ოფიცილური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს თეთრ სახლში უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელი აშშ-ში 15 ივლისს ჩავა.

„კანცლერ მერკელის ვიზიტი აშშ-სა და გერმანიას შორის ღრმა ორმხრივი კავშირების არსებობის დადასტურება იქნება. ლიდერები განიხილავენ თანამშრომლობის საკითხს მთელ რიგ საერთო გამოწვევებზე, მათ შორის კოვიდ-19 პანდემიის დასრულებაზე, კლიმატის ცვლილების საფრთხის დაძლევაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე,"- აცხადებენ თეთრ სახლში.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ანგელა მერკელისთვის პირველი ვიზიტი იქნება ვაშინგტონში.