ლაშა ხუციშვილი: ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შესძლებოდათ აღედგინათ სრული სიმძლავრეები“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო სწორი და ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ამოქმედება, რაც მოხერხდა სოციალური პროგრამების შემუშავებით.

„გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა 0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.