,,დიდი შვიდეულის" სამიტი იწყება

,,დიდი შვიდეულის" სამიტი იწყება. G7-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა სამიტის წინ, ტრადიციულად ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

სამიტი კორნუოლში იმართება და ორი დღე გაგრძელდება.

ლიდერების შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხები პანდემია, ვაქცინების გადანაწილების თემა და კლიმატური ცვლილებების საკითხები იქნება, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რუსეთს და მისგან მომავალ საფრთხეებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინების მილიარდი დოზის გაზიარებას გამოაცხადებენ.

„მოსალოდნელია, რომ სამიტზე ლიდერები გამოაცხადებენ, რომ მსოფლიოს ვაქცინის მილიარდ დოზას გაუზიარებენ განაწილებისა და დაფინანსების მეშვეობით. გარდა ამისა, ისინი ასევე შეიმუშავებენ გეგმას ვაქცინების წარმოების გაზრდის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება, რომელმაც მისი პირველი ევროპული ტური დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო.

თეთრი სახლის ლიდერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უკვე შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.