"ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა პარამეტრის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება.
"მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრ ტურისტს ვხედავთ ქუჩაში, თანდათან ქვეყნის ეკონომიკა იხსნება და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაშიც. ეპიდსიტუცია მშვიდდება მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი, როგორიც არის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. დადებითობის პროცენტი აჭარაში გვაქვს 2%-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში და გუშინდელი მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს", - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი აცრა სწორედ აჭარაშია ჩატარებული და ამ დროისთვის 19 000 აცრაა გაკეთებული. თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეყნის მიზანია, რომ ჯამში 1700 000 ადამიანის აცრა მოხდეს, აქედან აჭარაში 350 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.