ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე, საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა

ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გამოცემა „ეხო კავკაზს“ განუცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო კონტინგენტის ლოგისტიკური (მხარდაჭერის) საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, მოხდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილის, გამონაკლისის სახით, გადაყვანა დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებულ და შეზღუდულ ვადებში. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტს განათავსებს და 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას გააგზავნის.