თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხარეებმა დოკუმენტი დღეს დილით გააფორმეს.
„თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას რუსეთთან ერთად გააკონტროლებს“, - განაცხადა ერდოღანმა.
მან აზერბაიჯანელ ხალხს მთიანი ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლება მიულოცა.
„ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს და ჩემს ძმას ილჰამ ალიევს ყარაბაღის სრულ გათავისუფლებას ოკუპაციისგან. შეთანხმების თანახმად, სომხეთი აზერბაიჯანს ქალბაქარს 15 ნოემბრამდე გადასცემს, აღდამსა და გაზახს 20 ნოემბრამდე, ქალბაჯარს - 1 დეკემბრამდე. ოკუპაციის შედეგად საკუთარი მიწებიდან განდევნილი აზერბაიჯანელები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზედამხედველობით თავიანთ ტერიტორიებზე დაბრუნდებიან,” - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტს განათავსებს და 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას გააგზავნის.