ეუთოს გენერალური მდივანი თბილისშია

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი თბილისშია. ინფორმაციას თავად შმიდი ავრცელებს.

მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას. ეუთოს გენერალური მდივანი ასევე ამბობს, რომ სურს, ნახოს კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა.

„ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას და საკუთარი თვალით მსურს, ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. ეუთო განაგრძობს მსგავსი ძალისხმევის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, – წერს ჰელგა მარია შმიდი Tweeter-ზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან.

საქართველოში ყოფნისას ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში წყალმომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში.