NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, NATO-ს მოკავშირეებმა შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
„NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება.
მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია.
მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც.
ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
NATO, ეს არ არის სამხედრო ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ, ესაა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დამოკიდებული და შექმნილი ერთიანობა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლოზუნგი - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ არ არის ვალიდური და ამგვარ კომპრომისებს იმედგაცრუება მოაქვს. თქვენი აზრით, საერთო ფასეულობითი ერთიანობა, კონსოლიდირება და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება იქნებოდა თუ არა სწორედაც მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი პასუხი რუსეთისთვის? - Europetime-ის ამ შეკითხვას ჯეიმს აპატურაიმ ასე უპასუხა:
„ეჭვგარეშეა, რომ 14 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ განხილვების დროს, უმთავრესი საკითხი იქნება, როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და ღირებულებებს, საუკეთესოდ იმუშაონ საფრთხეებისა და გამოწვევების ფართო სპექტრის პირისპირ. ნება მომეცით დავამატო, რომ ამ გამოწვევათა ნაწილის სათავე პრეზიდენტ პუტინის აგრესიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, როგორიც არის მაგალითად უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სხვა გამოწვევები სათავეს სხვაგან იღებს. პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ვეძიოთ მაღალი დონის სოლიდარობის და საერთო გადაჭრის დამყარებაში ჩვენს შორის - ანუ მოკავშირეებში, და ასევე პარტნიორებთან, როგორიც არიან საქართველო და სხვა თანამოაზრე ქვეყნები“, - განაცხადა აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.