კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა.

როგორც ცნობილია, 50 წლამდე კაცის მდგომარეობა შეყვანის მომენტიდან მძიმე იყო და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მათ შორის არიან დედა-შვილი.

,,კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს 3 პაციენტი, 2 მოზრდილი და ერთი ბავშვი. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. ისინი იმყოფებიან ინტენსიური მკურნაობის ქვეშ. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ ღამით გარდაიცვალა ერთი პაციენტი მძიმე დაზიანებებით, რომელიც იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა სამწუხაროდ, რეანიმაციული ღონისძიებები ეფექტური არ აღმოჩნდა. მას არ სჭირდებოდა ოპერაცია. შემოყვანის წუთიდან მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული", - განაცხადა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა,

ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.