NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება ბრიუსელის ფორუმი. საგარეო უწყების ცნობით, ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერბთან ერთად, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან.
ღონისძიებაში, რომელიც თემატური პანელებისგან შედგება, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელზე, სახელწოდებით “Investing in Resilience”, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება NATO-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.
გამომსვლელებს შორის ასევე იქნებიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი.
დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.