საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ,,ბრიუსელის ფორუმზე" საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული და მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს აქვს NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, NATO-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი. მაღალი დონის წარმომადგენლობა იქნება - სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერ-მინისტრები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული.
მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის მდგრადობაზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის NATO-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია.
ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ფორმატისა, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები ყოფილიყო ასახული საბოლოო დოკუმენტებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ დეკლარაციის ტექსტი არის ძალიან კარგი და მასში ასახულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას NATO-ში ინტეგრაციის კუთხით აქვს.
„ჩვენს ყველა პარტნიორთან ჩატარებული ინტენსიური სამუშაოს შედეგად, ბოლო პერიოდის მაღალი დონის ვიზიტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რომ საქართველოს თემატიკა და მისი პროგრესი NATO-ს სამიტის დღევანდელ დეკლარაციაში შესაბამისად ასახულიყო. მაქვს მოლოდინი, რომ განმეორდება ბუქარესტის სამიტის ტექსტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს წევრი. რამდენიმე საათში, ალბათ, ტექსტს თქვენც იცილავთ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარი იქნება ოკუპაციასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
„რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, ძალიან მკაფიო გზავნილები იქნება. ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ში გაწევრიანებისთვის. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ანუ, ჩვენი ყველა პრიორიტეტი აისახება სამიტის დეკლარაციაში. გარდა ამისა, მიღებული იქნება ცალკე დოკუმენტი. ეს გახლავთ 2020-2030 წლის სტრატეგია. დიდი ალბათობით, ეს დოკუმენტი საჯაროდ არ გამოქვეყნდება, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული დეფინიციები, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ასევე, იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში NATO-სა სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება.
NATO-ს სამიტის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი „ბრიუსელის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას