ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა

პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა.

როგორც ეპისკოპოსი ამბობს, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საკუთარი გადაწყვეტილებით ეპარქიაში დაბრუნდა. მისივე თქმით, საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რაც მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა სთხოვა.

"მოხდა ის, რომ მეუფე თავისი ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და ეს არის პატრიარქის გადაწყვეტილება. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე", - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან.

პატრიარქმა მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა და გაწეული შრომისთვის მადლობა გამოუცხადა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე შენობა აშენდება, სადაც ბავშვები გადანაწილდებიან. ამის შესახებ მან "ქრონიკას" განუცხადა.

"2022 წლის პირველი აპრილისთვის ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ დიდი ზომის პანსიონები მოგვერგო ახალ სტანდარტებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირე ზომის დაწესებულებაში 12-ბავშვამდე განთავსდებოდა, რაც უფრო მეტად კეთილმოწყობილ გარემოს გულისხმობს, რაც უფრო მეტად იქნება ოჯახურ პირობებთან დაახლოებული...

გარკვეულმა ვნებათაღელვამ, კარჩაკეტილობამ გამოიწვია ის რომ, ეს საკითხი მძაფრად დადგა. გუშინდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი და ვგეგმავთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე ეს პროექტი განხორციელდეს. რამდენიმე მცირე ზომის პანსიონში გადანაწილდებიან ბავშვები და საპატრიარქოს ზედამხედველობის ქვეშ შეძლებენ ამ პანსიონით სარგებლობას", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ნინოწმინდის პანსიონში ვითარება განიმუხტოს.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, პანსონში სოციალური მუშაკები დღემდე მუშაობენ და ბავშვები მათი დაკვირვების ქვეშ არიან.