აუდიტი: 4 დიდი ქალაქის ბაღებში ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის საჭირო ნივთებზე ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს ხარჯავენ

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის საბავშვო ბაღებში ბავშვთა ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარზე ბიუჯეტის თანხის 1 პროცენტზე ნაკლები იხარჯება.

აუდიტის სამსახურმა 2014-2019 წლის მონაცემები შეისწავლა.

"ბავშვების ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სათამაშოები და სხვადასხვა ტიპის წიგნები, რომლებიც მათ ეხმარება შეიცნონ სამყარო. აღნიშნული ტიპის ინვენტარი უმნიშვნელოვანესია აღმზრდელობითი ფუნქციის შესასრულებლად.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014-2019 წლებში ქუთაისის ბაღებში, 5 წლის განმავლობაში, შეძენილია მხოლოდ 19.1 ათასი ლარის ღირებულების სათამაშოები და საბავშვო წიგნები, რაც მთლიანი ხარჯის 0.04%-ია, რუსთავში ეს ხარჯი 215.6 ათასი ლარია, მთლიანი ხარჯის − 0.7%, ხოლო ფოთში დახარჯულია 20.7 ათასი ლარი, მთლიანი გადასახდელების −0.2%. სათამაშოებისა და საბავშვო წიგნების შეძენაში ყველაზე დიდი თანხა, 475.6 ათასი ლარიდახარჯულია თბილისის ბაღებში, თუმცა ბაღების ჯამურ დაფინანსებაში მისი წილი მცირეა და 0.08%-ს შეადგენს", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, მონაცემებიდან ჩანს, რომ საბავშვო ბაღები არ ახორციელებენ ისეთი მნიშვნელოვანი ინვენტარის შეძენასა და განახლებას, როგორებიცაა, სათამაშოები და საბავშვო წიგნები.

"აღნიშნული ტიპის აქტივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისათვის, ასევე ბაღების გადასვლა მოვლის პრინციპიდან − აღმზრდელობით საქმიანობაზე, შეუძლებელია შესაბამისი ინვენტარის გარეშე სათანადოდ განხორციელდეს", - ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღების დანახარჯების სტრუქტურის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას.

"აღნიშნული ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯები, ბაღების მთლიან გადასახდელებში 0.04%-დან 0.7%-მდე მერყეობს. საბავშვო წიგნების, დამხმარე ინვენტარის და სათამაშოების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია სააღმზრდელო საქმიანობის ნორმალურად წარმართვისა და ბავშვის სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად ამისა, ბაღებში აღნიშნული ინვენტარის შეძენას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და მასზე თანხები პრაქტიკულად არ იხარჯება" ,- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.