ირაკლი კობახიძე შიდა დისკუსიებზე: 20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა, გახარია შს მინისტრობიდან გადამდგარიყო

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შიდა დისკუსიების დროს, იყო მოსაზრება, რომ 20 ივნისის შემდეგ უმჯობესი იქნებოდა, გიორგი გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობდა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ივნისის მოვლენების შემდეგ გუნდში გახარიას გადაყენების აზრი "მომწიფებული" იყო, თუმცა გარე ფაქტორებმა იმოქმედა და შეცვალეს დამოკიდებულება.

"შემიძლია, გარკვეული დეტალებიც გაგიმხილოთ შიდა დისკუსიების, 20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, თუმცა რაღაცამ შეცვალა. ვერ ვიტყვი რამ, თუმცა, ამის დროც მოვა. რაღაც გარე ფაქტორი იყო. მასთან (გახარიასთან) იყო დაკავშირებული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, 20 ივნისის ოპერაცია "აბსოლუტურად გაუგებრად იყო დაგეგმილი გახარიას მიერ".

"რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც საბოლოოდ, მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას: ვინც ერკვევა ელემენტარულად, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი, რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა – ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს", - აცხადებს კობახიძე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპერაციაზე თავად გახარია იყო პასუხისმგებელი და მას ასრულებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. მისი თქმით, ეს მოადგილე კახაბერ საბანაძე იყო.

"პირველი კითხვის ნიშანი რატომ იდგა სპეცრაზმი გარეთ, როცა უნდა ყოფილიყო შიგნით და რატომ არ იქნა გამოყენებული წლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები. საბოლოო ჯამში უკვე იძულება იყო ტყვიის გამოყენება იმისთვის, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე.

ნებისმიერი ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების ოდენობა არ იყო, რომელიც იძლეოდა უფრო მეტ საფრთხეზე ფიქრის საშუალებას. სპეცრაზმი რომ ყოფილიყო ჭიშკრის შიგნით და რომ გამოყენებულიყო რბილი საშუალებები ამ შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული უფრო რთული გაგრძელება.

ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები. თუმცა, შეიძლება არც იყო შეცდომები. არ მინდა, შეთქმულებებში შევიდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.