ანგელა მერკელი: NATO-ს სამიტზე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი დიდ გამოწვევას წარმოადგენს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს ლიდერებს შორის გამართული დისკუსიის დროს, "ძალიან მკაფიო გახდა, რომ რუსეთი, უპირველეს ყოვლისა, არის მთავარი გამოწვევა" ალიანსისთვის.

"ვიტყვი, რომ დღევანდელი საუბრებიდან ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი წარმოადგენს დიდ გამოწვევას", – განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

მისი თქმით, ჩინეთიც სულ უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ისევე როგორც მთელი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, თუმაცა დაამატა, ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ "შეერთებული შტატები ასევე წყნარი ოკეანის სახელმწიფოა".

როდესაც ჩინეთის გამოწვევებზე საუბრობდა, მერკელი ამტკიცებს, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის კავშირი არსებობს.

”საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ ჩინეთსა და რუსეთს შორის ძალიან კარგ და კოორდინირებულ თანამშრომლობას - მე ვფიქრობ, მაგალითად, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს და ერთობლივი სამხედრო ოპერაციებზე

რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვადევნებთ თვალს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის ჰიბრიდულ მოქმედებებს და ამაშიც ვხედავთ ახალ გამოწვევებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო პოლიტიკურად ვითანამშრომლოთ", - განაცხადა მერკელმა.