როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია

მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაიწყება ზაფხულში. ივლისი იქნება პირველი თვე, რომელიც აქტიურად იქნება დატვირთული ვაქცინაციით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება იგეგმება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

"საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. ივლისის თვიდან უკვე ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში იმ დოზების ხაჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და ასე შემდეგ. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების, სამედიცინო დაწესებულებების დამატება და ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა.

ჯამურად დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენივეს მობილიზება, ყველაზე ნაკლები დამატებითი საჭიროება არის თბილისში, თუმცა, თბილისში დღეს მათი მოთხოვნის გამო, როგორც იცით ადგილები მუდმივად შევსებულია, მაგრამ რეგიონებში იმისთვის, რომ მოსახლეობის მოცვა შესაბამისად მოხდეს",-განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია კონსულტაციები მოლებთან, ასევე გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე და იქ ჩაატარებენ ვაქცინაციას იმ პირებისთვის, ვინც დაწესებულებას მიმართავს.

გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს კლინიკებთან.

"დამატებით 16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება თბილისში მზადაა იმისთვის, რომ ჩაერთოს ეტაპობრივად პროგრამაში", - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, კოვიდით ინფიცირების დატვირთვა მცირდება და კლინიკებმა გამოხატეს მზაობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.

"ეს დაეხმარება თბილისს, რომ დამატებითი ადგილები გაჩნდეს და გარდა ამისა, მიდის მუშაობა თავშეყრის ადგილებში ვაქცინაციის დიდი წარმადობის ცენტრების მოწყობაზე, რომელსაც მეთვალყურეობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო და იქ უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტები იქნება დაცული", - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ვაქცინაციის დამატებითი ხარჯები გათვალისწინებულია და ამ კვირაში წარედგინება ფინანსთა სამინისტროს.