პაატა იმნაძე: საქართველოში ინდური შტამი იწყებს გავრცელებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც იმნაძე განმარტავს, ბრიტანულ შტამთან ერთად, საქართველოში გავრცელებას იწყებს ინდური შტამიც.

„სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან ერთად (ე.წ. ბრიტანული), უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.