დავით ზალკალიანი: მივესალმებით ევროკავშირ-აშშ-ის განცხადებაში გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის წინააღმდეგ

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ზალკალიანის თქმით, მიესალმება პარტნიორების მიერ გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ.

„მივესალმებით ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში ჩვენი პარტნიორების მიერ გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ.

ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და მისი რეფორმების გზის მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაცია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ!“ – წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. ამის შესახებ საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.