საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავა ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენთ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ამ კუთხით ყველა მაღალი რანგის წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი. ერთ-ერთი ასეთი განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმაც გააკეთა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამას ელოდება ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. ამის შესახებ საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.