მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდე საქართველოს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით 17 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ორდღინი ვიზიტის განმავლობაში, ანა ბიერდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდება.
„მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ის ასევე შეხვდება პარტნიორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და განვითარების მიმართულებით მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ანა ბიერდე ასევე ესტუმრება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - ტექნოპარკს, სადაც მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს შეხვდება.
შვედეთის მოქალაქემ ანა ბიერდემ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2020 წლის 1-ელ მაისს დაიკავა. ამ პოზიციაზე ის ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში", - ნათქვამია ინფორმაციაში.