ჟენევაში აშშ-რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებიან.
ამასთანავე, ცნობილია სამიტის გაფართოებულ ფორმატში დამსწრე ამერიკული დელეგაციის სიის შემადგენლობაც.
CNN-ის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი რუსეთში საკითხებზე ერიკ გრინი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიკ სალივანი.
ცნობისთვის, ამ წუთებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის პირველი რაუნდი მიმდინარეობს.
ოფიციალური თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრისას ჯო ბაიდენი რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებს, ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, ბირთვულ საკითხებსა და კლიმატის ცვლილებების თემებს წამოჭრის.
აღსანიშნავია, რომ ლიდერებს შორის შეხვედრის ინიციატორი სწორედ თავის დროზე ჯო ბაიდენი იყო. მან რუს კოლეგას შეხვედრა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში შესთავაზა. ეს მოხდა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კონფლიქტის გამწვავების დროს.
ბაიდენ პუტინის შეხვედრამდე, ე.წ. მოსამზადებელი შეხვედრა ისლანდიაში შედგა, სადაც ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრა 2011 წელს მოსკოვში შედგა, როდესაც ბაიდენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო.
როგორც ცნობილია, აუდიენციის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს "სტაბილური და პროგნოზირებადი" ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება.
NBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 ივნისს გადაიცა, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა "უკანასკნელ წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა".