კახა კუჭავა დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და დღის წესრიგზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობაში ფრაქციების და კომიტეტების კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა. ხაზი გაესვა პარლამენტში პროცესის ინკლუზიურობის მნიშვნელობას.

"მარკ კლეიტონმა განსაკუთრებულად აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შემუშავებული საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია აწერს. მისი თქმით, "დიდი შვიდეულისა" და NATO-ს სამიტის წინ, ერთობლივი განცხადების ხელმოწერა დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილი იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვორდროპების სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობაზე, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო დონეზე.

ელჩმა კიდევ ერთხელ პოზიტიურად შეაფასა ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება.

კახა კუჭავამ მარკ კლეიტონს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.