"ბავშვებს, რომლებსაც პანდემიამდე ნორმალური წონა ჰქონდათ, ახლა წონაში მოიმატეს" - ენდოკრინოლოგი

ბავშვთა ენდოკრინოლოგი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიისას ბავშვებში სიმსუქნის პრობლემამ იმატა.

როგორც ნინო ხელაძე აცხადებს, პანდემიის პერიოდში ბავშვებში მოიმატა ქცევის დარღვევამ და ძილის პრობლემებმაც.

„კარანტინის და პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი საგანგაშო საკითხი. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბავშვებში სიმსუქნის და ჭარბი წონის მატებას. ბავშვებს, რომლებსაც პანდემიამდე ნორმალური, ჯანმრთელი წონა ჰქონდათ, იმის გამო რომ ფიზიკურ აქტივობას, სპორტს დაანებეს თავი, წონაში მოიმატეს. განსაკუთრებით დამღუპველი ეფექტი იქონია თითქმის უმეტსობა იმ პაციენტზე, ვისაც საგანგაშოდ მაღალი წონა ჰქონდა, მათ კიდევ უფრო მოიმატეს.

განსაკუთრებული საჭიროებების და ნევროლოგიური დაავადების მქონე ბავშვებიც საყურადღებო ჯგუფია. თუ ასეთი ტიპის ბავშვებს ისედაც ჰქონდათ გადაადგილება შეზღუდული, ახლა როდესაც სახლში მოუწიათ გამოკეტვა, მხოლოდ საკვებს იღებდნენ, უმეტესობა კომპიუტერის და მობილურის ეკრანს იყო მიჯაჭვული და სავალალო შედეგები მივიღეთ.

მთელმა მსოფლიომ დათვალა, განსაკუთრებით იტალიას აქვს უამრავი სტატისტიკა, თუ რამდენად მოიმატა სიმსუქნის და მხედველობის პრობლემამ ბავშვებში, იმიტომ რომ ეკრანთან დიდ დროს ატარებებდნენ.

მოიმატა ასევე ქცევის დარღვევამ და ძილის პრობლემებმაც. ყველა ბავშვი მიჩვეული იყო დილით ადრე ადგომას და სკოლაში წასვლას, ახლა უმეტესობას შეიძლება შუადღემდე ძინავს, ბევრ საათს ატარებს ტელეფონთან და ასე შემდეგ. ამან ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვა ბავშვთა ენდოკრინოლოგებს და პედიატრებს“,-განცხადა ნინო ხელაძემ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხელაძე აცხადებს, რომ მოზარდებში ჭარბი წონა კორონავირუსის დროს რისკფაქტორია.

„მუდმივად გვესმის საუბარი ტელევიზიით, თუ რა არის მოზრდილებში კორონავირუსის რისკ-ფაქტორები. ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ.

გვესმის, რომ ეს ის პაციენტები არიან, ვისაც აქვს ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ ბავშვებში სიმსუქნე ერთ-ერთი წამყვანი რისკ-ფაქტორია გართულებების თვალსაზრისით“, - განაცხადა ხელაძემ.

წყარო