ევროკომისიამ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს უფრო მდგრადი რუსეთის მცდელობების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს, შეარყიოს ევროკავშირი, ამავე დროს, ევროკავშირმა უფრო სისტემური და ერთიანი პასუხი უნდა გასცეს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს.
ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსეთთან ურთიერთობის მართვა წარმოადგენს ევროკავშირის მთავარ სტრატეგიულ გამოწვევას".
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უფრო სისტემურად უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები.
"ევროკავშირი განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. ევროკავშირი კვლავ ატარებს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსიისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიმართ...
ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას. მათ შორის ინიციატივების მეშვეობით თანამოაზრე პარტნიორებთან", - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარე და სრულად შეასრულოს მინსკის შეთანხმებები.
"ევროკავშირი უფრო აქტიურად შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ მისი მოქმედებების გასამართლებლად გამოყენებულ ცრუ ნარატივებს, ყველა დონეზე", - ნათქვამია დოკუმენტში.