Dailysabah-ის ცნობით, თურქეთი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მუდმივი მშვიდობა შესაძლებელია სახელმწიფოებსა და ხალხს შორის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საფუძველზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის სომხეთი და მთელი მსოფლიო ისარგებლებს კავკასიის მშვიდობითა და სიმშვიდით", - განაცხადა ერდოღანმა.
როგორც გამოცემა წერს, ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ "ზანგეზურის დერეფანი" არამარტო სარგებელს მოუტანს თურქებს ან აზერბაიჯანელებს, არამედ სომხებსაც, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ რკინიგზა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილთან დასაკავშირებლად და დაასრულოს თვითნებური იზოლაცია.
თურქეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა თავისი წინადადება ექვსწევრიანი პლატფორმის შექმნის თაობაზე თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის შემადგენლობით, რომელიც ხელს შეუწყობდა რეგიონში მუდმივ მშვიდობას, სტაბილურობასა და თანამშრომლობას.
სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის გვერდით დგომის შესახებ და თქვა: "დღეს ჩვენ აზერბაიჯანს გვერდში ვუდგებით მთელი ჩვენი შესაძლებლობებით. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ხვალაც გვერდში დავუდგებით".
15 ივნისს, ერდოანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
15 ივნისს ერდოანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა მთიანი ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც მათ სომხური ძალები აკონტროლებდნენ 30 წლის განმავლობაში.