სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულია „დაშნაკცუთიუნის“ პარტიის წევრი არცვიკ მინასიანი, პარტია „სამშობლოს“ წევრი, არსენ ბაბაიანი და პარტია „ეროვნული დღის წესრიგის“ წევრი, არა აკოფიანი.
ერევანში გუშინ 17 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა აქციის დროს 129 ადამიანი დააკავეს. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად 9 ნოემბერს მოაწერა ხელი. სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის გამართვა დღესაც იგეგმება.