აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

„ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, აღვნიშნეთ, რომ აშშ-მა და რუსეთმა აჩვენეს რომ დაძაბულობის დროსაც კი შეუძლიათ პროგრესს მიაღწიონ სტრატეგიულ სფეროში პროგნოზირებადობის უზრუნველყოფასა და შეიარაღებული კონფლიქტებისა და ბირთვული ომის საფრთხის რისკის შემცირებაში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“, - ნათქვამია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების განცხადებაში.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი აღნიშნავენ, რომ ამ მიზნების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად შეუდგებიან დიალოგს ინტეგრირებული ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, რომელიც გააზრებული და ძლიერი იქნება.

„ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენ ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ზომებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.