სახალხო დამცველი მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ: ვაპირებთ, შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ ნინოწმინდის პანსიონში

"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა. ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ბევრ საკითხზე ჩვენ არის სრული თანხმობა, მათ შორის შეთანხმდნენ, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არ არის კარგი ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის, ასევე იმაზე, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება.

"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ. მე მინდა ჩვენ მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და ჩვენ მიმართ მტრულად არ იყვნენ განწყობილები. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ მუშაობას...

ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის, ასევე შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველს, შესაბამის სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ მონიტორინგის განხორციელება", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, შეხვედრა "იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბარი, არანაირ დაძაბულობა არ ყოფილა"

"ბევრს საკითხთან დაკავშირებით, ბავშვების ინტერესთან მიმართებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა. ძირითადად ეს შეხვედრა იყო ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა სახალხო დამცველმა.